ონლაინ კონფერენცია ოლივერ რაისნერთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ონლაინ კონფერენცია გაიმართა ოლივერ რაისნერთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან  ჟან მონეს ევროპისა და კავკასიის კვლევების დარგში. 

შეხვედრის მონაწილეებს - სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება მიეცათ, ცოდნა გაეღრმავებინათ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ისტორიის, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ევროპული ქვეყნების მიერ გაწეული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ.

შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია პატრიოტულ გრძნობებს გააღრმავებს ახალგაზრდებში და თავისუფლების მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარება. შემდგომ მოსწავლეები უკეთ შეძლებენ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებას, მოამზადებენ პრეზენტაციებსა და პოსტერებს. შექმნილ მასალებს კი ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნებენ და თანატოლებს მეტ და საინტერესო ინფორმაციებს მიაწვდიან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.

ონლაინ კონფერენციას 80-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.