„ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“

ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანატოლების გაცნობიერება გადაწყვიტეს.

29 აპრილს მათ ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელშიც წნორის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია,  კლასიფიკაცია და შექმნის ისტორია, შემდეგ კი საინფორმაციო მასალები გაცვალეს.

ონლაინ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, 17 აპრილს, სოფელ ბოდბისხევის სკოლის მოსწავლეები სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელსაც შეხვდნენ, რომელთანაც ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე ისაუბრეს. ამასთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრაზე მათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, როგორიცაა, თუ გაიზარდა და რამდენად თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახური ძალადობის შემთხვევები, სახალხო დამცველის აპარატში ქალების მიერ დახმარების მიმართვის ფაქტები და რა რეგულაციები ხორციელდება ასეთი მიმართვის შემდეგ? რა არის სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი?

ქალთა უფლებების დაცვის მიზნით მოსწავლეებმა პოსტერებიც დაამზადეს და სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.

ონლაინ შეხვედრა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის, მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“ ფარგლებში გაიმართა.