ირაკლი ხორავა, სამოქალაქო განათლების პროგრამის კურსდამთავრებული

მე ირაკლი ხორავა ვარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტი და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის მოხალისე, ჩრდილოეთ იტალიაში. 

15 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩავერთე მოხალისედ და სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად თემში სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებს ვახორციელებდით, მათ შორის პროექტებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად, აქტიურად ვმუშაობდით ეკოლოგიურ პრობლემებზეც. 

ახლა 21 წლის ვარ და მოხალისეობრივ საქმიანობას უკვე საერთაშორისო დონეზე ვაგრძელებ. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ლავისის მუნიციპალიტეტში, რა დროსაც საქმიანობა მომიწია როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, განსაკუთრებული ყურადღების საჭიროების მქონე ადამიანების სოციალურ საწარმოში, ახალგაზრდულ ცენტრში. ურთიერთობა მქონდა 3-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებთან, ვიმუშავე და ვიცხოვრე 30-მდე ეროვნების ადამიანთან და მათ შორის მიგრანტებთან. ვასწავლიდი ინგლისურ ენას, მონაწილეობდი სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში.

ყველა ამ შესაძლებლობისთვის და უნარებისთვის მადლობას ვუხდი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას, რადგან დღესაც, 6 წლის შემდეგაც წარმატებით ვიყენებ სწორედ იმ ცოდნას, რომელიც სასკოლო სამოქალაქო კლუბში ჩართულობის დროს შევიძინე, ეს არის პროექტების წერა, თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება და სამოქალაქო აქტივობების ორგანიზება. 

ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ყველას!