საკლუბო საქმიანობის შუალედური ანგარიში ბათუმში

2012 წლის 21 აპრილს, ბათუმში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბებმა გააკეთეს შუალედური ანგარიში.  რეგიონში არსებულმა სამოქალაქო კლუბებმა  წარადგინეს პრეზენტაციები კლუბების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ: ღონისძიებები, აქტივობები, ინიციატივები. ღონისძიების მონაწილეებმა შეაფასეს მსგავსი შეხვედრების საჭიროება და მნიშვნელობა.  

„ვთვლი მსგავსი შეხვედრები მოგვცემს კლუბის წევრებს იმის საშუალებას, რომ უკეთესად გავეცნოთ სხვა  კლუბების აქტივობებს, გავიზიაროთ მათი გამოცდილება, დავინახოთ ხარვეზები ჩვენს საკლუბო მუშაობაში და სამომავლოდ ვიზრუნოთ მათ აღმოფხვრაზე. ჩვენი კლუბი „მომავლის გზა“ ერთერთი პირველი იყო პროგრამის ფარგლებში დაარსებულ კლუბებს შორის და მსურს კარგი მაგალითი ვიყოთ ახალბედა კლუბებისთვის. პირადად მე დღევანდელმა შეხვედრამ მომცა კარგი სტიმული უფრო გავაქტიურდე, როგორც კლუბის ლიდერი და გავააქტიურო საკლუბო მუშაობა ჩემს სკოლაში.“–ნოდარ მიქელაძე ქ. ბათუმის #28-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.

 „ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დიდი ხანი არ არის რაც  სამოქალაქო განათლების კლუბი „თინეიჯერი“ დაარსდა. ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო იყო სხვა კლუბების მუშაობის გაცნობა. ვთვლი, რომ ეს შეხვედრა გააუმჯობესებს ჩვენი კლუბის მუშაობის ხარისხს“,- ნანა წულუკიძე,  ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის კოორდინატორი.

ღონისძიებაზე ანგარიშით წარსდგა რეგიონის 27 კლუბი და 2 საინიციატივო ჯგუფი.

ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი