მოსწავლეებმა სკოლაში სკვერი მოაწესრიგეს

გასულ წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის სკვერის მოწესრიგებაზე იზრუნეს - ეზო დაასუფთავეს, საყვავილეები დაამზადეს და ძელ-სკამებიც დადგეს. გასაახლებელი მხოლოდ სკვერის დაზიანებული ასფალტის საფარი დარჩა.
იანვარში სოფელში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელსაც კომპანია შპს „ნეკერა“ ატარებდა. კლუბის წევრებმა სკოლის ადმინისტრაციას სთხოვეს, კომპანიასთან ეშუამდგომლა, რომ სტადიონის ძველი მწვანე საფარი სკოლისთვის გადმოეცათ.
თანამშრომლობა შედგა და შპს „ნეკერამ“ სამოქალაქო კლუბს სკოლის სკვერისთვის უსასყიდლოდ გადასცა სოფლის მინი სტადიონის რეაბილიტაციის დროს აღებული მწვანე საფარი. კლუბის წევრებმა სკვერის ტერიტორია დაასუფთავეს და საჩუქრად მიღებული მწვანე საფარიც დააგეს. ახლა სოფელ ხაიშის საჯარო სკოლას განახლებული სკვერი აქვს.