სოფელ განთიადის სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა ცენტრალურ გზასთან ახლოს მდებარეობს, გზის მეორე მხარეს კი მაღაზიაა, რის გამოც მოსწავლეებს ხშირად უწევთ გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა. გზაზე არ იყო ზებრა გადასასვლელი, არც  საგზაო ნიშნები, ხოლო ავტომობილები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, ამიტომ იყო შემთხვევები, როცა ბავშვები ძლივს გადაურჩნენ ავტოსაგზაო ავარიებს. ამის გამო განთიადის სკოლის მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის დახაზვისა და საგზაო ნიშნების დადგმის თაობაზე.

წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ მათი თხოვნა გაითვალისწინა და 2019 წლის ნოემბერში აქ დაიხაზა ზებრა გადასასვლელი, დამონტაჟდა სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები და შესაბამისი საგზაო ნიშნებიც დაიდგა. შედეგად სკოლის წინ გზაზე გადასვლა ახლა უკვე უსაფრთხოა.

გარდა ამისა, სკოლაში წალკის ავტოსკოლის წარმომადგენლებიც მოიწვიეს, რომლებმაც მოსწავლეებს გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისა და საგზაო ნიშნების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. უფროსკლასელებმა კი პოსტერები მოამზადეს და ეს ცოდნა უმცროსკლასელებსაც გაუზიარეს - გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილების წესები მათაც გააცნეს.