მოსწავლეების შეხვედრა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან

მოსამართლის პროფესიას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას და იქ არსებულ ხარვეზებს ეხებოდა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან შეხვედრის დროს მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ რუსთავის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებთან მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეების მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ნაადრევი ქორწინების, სკოლაში ბულინგის პრევენციის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გამართულ საინფორმაციო კამპანიებს ასახავდა.
მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) წარმომადგენელი ეკა ონიანი მიესალმნენ.
შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ.