სოფელ სამების სკოლაში პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა" განხორციელება დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

კამპანიის ფარგლებში მათ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მოიძიეს, ბროშურები დაამზადეს და თემში დაარიგეს, ასევე, კედლის გაზეთი გამოაკრეს სკოლაში. უმცროსკლასელებისთვის კი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე სემინარი ჩატარდა. 

სპორტული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეები თემში სპორტული მოედნის აღდგენის ადვოკატირების პროცესს გეგმავენ.

„გვინდა, აღვადგინოთ სოფლის სტადიონი, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც მოსწავლეები, ისე თემის ახალგაზრდები. შესაძლებლობა გვექნება, მეზობელი სოფლის ახალგაზრდებიც მოვიწვიოთ და ამხანაგური შეჯიბრებები ჩავატაროთ. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩაბმას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას თემში“ - აღნიშნა სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატია მარკოიძემ.