აშშ ელჩის შეხვედრა იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან

2012 წლის 23 აპრილს აშშ ელჩი ჯონ ბასი ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში   სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.  შეხვედრა მიეძღნა ამერიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეოცე წლისთავს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა  დაათვალიერეს  პროგრამის ფარგლებში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების და ინიციატივების ამსახველი ფოტო გამოფენა.  ელჩი გაესაუბრა კლუბის წევრ მოსწავლეებს და უპასუხა მათ შეკითხვებს. 
სტუმრებს მიესალმა და პროგრამის შესახებ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ. 

ელჩის თქმით, ის, რასაც ახალგაზრდები აკეთებენ, მნიშვნელოვანია მათი თემის, ქალაქის, სოფლისა და მთლიანად ქვეყნისათვის. „თქვენ სწავლობთ პრობლემების დანახვას და მათ მოგვარებას. იძენთ გამოცდილებას, რაც მომავალში საშუალებას მოგცემთ ადვილად ითანამშრომლოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მუშაობა და უფრო მეტი ადამიანი ჩართოთ თქვენს საქმიანობაში,“ -განაცხადა მან.

შეხვედრის დასასრულს ქ. ქუთაისის #40, ქ. წყალტუბოს #1 და ქ. ქუთაისის #21 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის   წევრმა მოსწავლეებმა ელჩს წარუდგინეს პრეზენტაციები განხორციელებული ინიციატივების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ქ. ქუთაისში კინო კლუბის დაარსების, აღმაშენებლის გამზირის გამწვანება-დასუფთავების და  ქ. წყალტუბოში უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობის  ინიციატივებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის  ელჩის ვიზიტი და სამოქალაქო კლუბების საქმიანობების გაცნობა მით უფრო, რომ აღნიშნული პრეზენტაციები  ამერიკა-საქართველოს შორის მეგობრობის 20 წლის შესრულებას მიეძღვნა და ის ქუთაისში აღინიშნა.
შეხვედრაში 80 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მონაწილეობდა, იმერეთის რეგიონის 30 საჯარო სკოლიდან.  
შეხვედრა გაშუქდა ცენტრალყური და ადგილობრივი მედია სამსახურების მიერ.

წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი