„სკოლა - მწვანე, სუფთა გარემო!“

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის „სკოლა - მწვანე, სუფთა გარემო!“ განხორციელებისას შეძლეს როგორც თემის წევრების, ასევე სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მობილიზება. 

 ერთობლივი ძალისხმევით მოწესრიგდა და შემოიღობა  სკოლის ეზო და მოეწყო სკვერი, დაირგა ნარგავები, დაიდგა ნაგვის ურნა, მოასფალტდა სკოლამდე მისასვლელი ბილიკი.

გარემოს დაცვის საკითხებზე თემში საინფორმაციო კამპანია, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ჩატარდა; დამონტაჟდა ბანერი მოწოდებით „ნუ დაანაგვიანებთ“; სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემის წევრებთან, რომელზეც მოსწავლეების მიერ გადაღებული, სოფლის დაბინძურებული ადგილების ფოტოები უჩვენეს და ინფორმაცია მიაწოდეს გარემოს დაბინძურების ფაქტებზე დაწესებული სანქციების შესახებ; დამზადდა და თემში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები გარემოს დაცვის საკითხებზე.

მცირე გრანტის პროექტი „სკოლა - მწვანე, სუფთა გარემო!“  განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.