„ობიექტივის ჭრილში“

„ობიექტივის ჭრილში“  - ასე ჰქვია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მცირე გრანტის პროექტს, რომლის მიზანი მოსწავლეებში ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარება იყო. პროექტის მონაწილეებმა აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და აჭარის ტელევიზიასთან. აჭარის ტელევიზიის  წარმომადგენლებმა ინტერვიუს ჩაწერის, მოძიებული მასალის დახარისხება-დალაგების, ვიდეორგოლების მომზადებისა და საჯარო სივრცეში მათი განთავსების შესახებ მასტერკლასი  ჩაუტარეს მოსწავლეებს. მასტერკლასის მონაწილეებმა, პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით, კითხვარები შეიმუშავეს და კვლევა ჩაატარეს თემში; გადაიღეს ვიდეო-რგოლები ბავშვთა უფლებების, ძალადობის, დისკრიმინაციის, გენდერის, ბულინგისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ვიდეო-რგოლების მომზადებისას  ისინი შეხვდნენ და ინტერვიუები ჩამოართვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს,  თვითმმართველობის წარმომადგნელებს, ექიმებს, ჟურნალისტებსა და პედაგოგებს; ასევე, ჩაატარეს საინფორმაციო აქცია - ,,მოაქციე შენი პრობლემა ობიექტივის ჭრილში’’. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს და მოსახლეობაში დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები პრობლემის  იდენტიფიცირებისა  და დაინტერესებულ, თუ გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებთან თანამშრომლობის გზებზე. 

ამგვარად, პროექტის „ობიექტივის ჭრილში“  ფარგლებში მოსწავლეებმა საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღეს და წარმატებით  დაეუფლნენ პრობლემების იდენტიფიცირების, რეპორტაჟების მომზადების, ინტერვიუს ჩაწერის, გამოკითხვის ჩატარების, მასალის დახარისხების, ვიდეორგოლების შექმნისა და სოციალური მედიის სწორად გამოყენების უნარ-ჩვევებს.

მცირე გრანტის პროექტი „ობიექტივის ჭრილში“  განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.