სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით

აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ქ. ქობულეთში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამხმარე სახელმძღვანელოების, საკლასო და საკლუბო ბარათების ეფექტურად გამოყენების საკითხები განიხილეს, იმსჯელეს ინტერაქტიული და დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე, თამაშის როლზე საგაკვეთილო პროცესში და გაკვეთილების გეგმები შეადგინეს. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად სასწავლო წლის პირველი სემესტრის საკლასო და საკლუბო ინიციატივებიც დაგეგმეს, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს მათ.
შეხვედრას სამოქალაქო განათლების გამოცდილი პედაგოგები - ვლადიმერ აფხაზავა, ინგა მოსიძე, იამზე ბაუჟაძე-მემარნე და ტრენერი - ქეთევან მოწყობილი უძღვებოდნენ.
„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. მადლობა კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისთვის. ვფიქრობ, მოსწავლეები და პედაგოგები ამ ორი დღის განმავლობაში მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებენ და მომავალ სასწავლო წელს ბევრ საინტერესო პროექტსა და ინიციატივას განახორციელებენ“ - ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დარიკო კონცელიძე.