„ჩვენ თანასწორნი ვართ“

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის #1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები გენდერულ თანასწორობაზე თემის წევრების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

საბაზო საფეხურის კლასებში გენდერული თანასწორობის თემაზე მათ ჩაატარეს წიგნის  კითხვის გაკვეთილები, ესეებისა და ნახატების კონკურსი, ხოლო მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები წიგნად აკინძეს. 

მოწვეული სტუმარი, ნონა სამხარაძე, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი და გენდერის საკითხების სპეციალისტი, გენდერულ თანასწორობაზე ესაუბრა მოსწავლეებს. ამავე თემაზე სკოლაში თემატური ვიდეო რგოლების ჩვენება-განხილვაც მოეწყო.

 „პროექტზე მუშაობამ გენდერის საკითხებზე ჩემი ცნობიერება შეცვალა.   მივხვდი, რომ ბავშვის მოვლა, ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება  მარტო ქალის მოვალეობა არ არის და რომ ოჯახში თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც. პროექტის განხორციელების დროს კიდევ ბევრი კარგი რამ ვისწავლე - მაგალითად, პროექტის წერა, კითხვარის შედგენა, ინტერვიუს აღება და საამისო თანამედროვე ტექნოლოგიებსაც უკეთ დავეუფლე“ - ამბობს მიხეილ სახიაშვილი, სოფელ თამარისის #1 საჯარო სკოლის  მოსწავლე.

მცირე გრანტის პროექტი „ჩვენ თანასწორნი ვართ“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.