მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი ღვინჯილია მოგვითხრობს განხორციელებული პროექტის შესახებ

„ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარებაზე ამბობენ უარს. ამიტომ მოვინდომეთ ისეთი პროექტის გაკეთება, რომელიც თამბაქოს მავნებლობაზე ცოტათი მაინც დააფიქრებს ხალხს და, იქნებ, უარიც ათქმევინოს მასზე. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანაც შეუერთდეს ისეთ ქვეყნებს,  რომლებიც ნიკოტინის მოხმარებას გაცნობიერებულად ამჯობინებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, რადგან ეს მავნე ნივთიერება ზიანს აყენებს არა მხოლოდ მწეველ, არამედ არამწეველ ადამიანსაც.

 ეს არის იმ თაობის გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა, რომ უკეთესი გახადოს მსოფლიო და ყველამ ერთად ჯანსაღ სამყაროში ვიცხოვროთ.

პროექტი დიდხანს მზადდებოდა და ამ სამზადისში ჩართული ვიყავით არა მხოლოდ ჩვენ, სკოლის მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც და მშობლებიც. ვფიქრობ, ამ პროექტიდან მიღებული ინფორმაცია ბევრ ადამიანს დაეხმარება თამბაქოზე უარის თქმაში. ჩვენი პროექტით ვეცადეთ, თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება შეგვეცვალა მათში.

სამომავლოდ, მხოლოდ ამ თემაზე შეჩერებას არ ვაპირებთ. მე და ჩემი თანატოლები ვგეგმავთ, განვახორციელოთ პროექტები, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევასა და საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს“-ამბობს ქეთი ღვინჯილია, თბილისის #103 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.