სამოქალაქო განათლების კლუბების სამუშაო შეხვედრა–„ადვოკატირების პორტფოლიო“

2012 წლის 11 აპრილს   „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში  აჭარის რეგიონის  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  ინიციატივით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა- „ადვოკატირების პორტფოლიო“.  
ა.წ. მარტისა და აპრილის თვეში სამოქალაქო კლუბებისთვის დაგეგმილი ტრენინგ კურსი „ადვოკატირება“ წარმატებით ჩატარდა  პროგრამაში ჩართულ სკოლებში. ტრენინგის შემდეგ კლუბებმა გადაწყვიტეს მათ თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანია ჩაეტარებინათ და ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.  შეხვედრაზე  კლუბებმა იმსჯელეს ადვოკატირების კამპანიის სწორად დაგეგმვასა და ეფექტური „გზავნილების“ მომზადებაზე. შეხვედრის დროს განიხილეს ადვოკატირების კამპანიისთვის შექმნილი  ვიდეორგოლი. 
„ვთვლი, რომ სამუშაო შეხვედრა საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. ჯგუფებში მუშაობის დროს ვიმსჯელეთ ჩვენს თემში არსებულ პრობლემებზე და დავსახეთ სამოქმედო გეგმა, რას გააკეთებს ჩვენი კლუბი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გვსურს  ეს პრობლემა საზოგადოების ფართო ფენებსაც გავაცნოთ ჩვენი ვიდეო რგოლოს საშუალებით, “ -სთქვა გიორგი ქებულაძემ–ჩაქვის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა შეხვედრის ბოლოს.
სამუშაო შეხვედრას  დაესწრო სამოქალაქო განათლების 18 კლუბის 48 აქტიური წევრი. 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.