„ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მზისგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით განახორციელეს საინფორმაციო კამპანია - „ქალთა ძალადობა დანაშაულია“.  

თემში ქალთა ძალადობის შესახებ ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით მოსწავლეები შეხვდნენ ლიდერ ქალთა ცენტრის და მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა ოთახის წარმომადგენლებს, სკოლაში მოიწვიეს გამომძიებელი  და უფლებადამცველი. მოაწყეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება -განხილვა და გამოაცხადეს ნახატების კონკურსი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მოეწყო  აქცია „ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას“, რომლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა  სოციალური ქსელის გამოყენებით.  მოსწავლეებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, შექმნეს ვიზუალური მასალა წარმატებული ქალების შესახებ და გამოფინეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

პროექტის განხორციელებაში ჩაერთნენ მეზობელი სოფლების ბადიაურისა და ყანდაურის სკოლების მოსწავლეები.

„ჩემს მეზობლად შევსწრებივარ, როგორ ჩაგრავდა მეზობლის ქალს მისი მეუღლე, მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ არაფერი არ ვიცოდი მაშინ, ვისთვის უნდა მიგვემართა, რა გაგვეკეთებინა, როგორ დავხმარებოდით. იმ დროისთვის სამოქალაქო ცნობიერების დონე ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე დღევანდელთან შედარებით ბევრად დაბალი იყო, მაგრამ დადგა დრო, როდესაც უნდა გაიზარდოს სამოქალაქო ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ინიციატივა ძალიან შედეგიანი იქნება. მე პირადად გაგონილი მქონდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის და ადამიანის უფლებათა ძირითადი თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესახებ. ამ პროექტის დახმარებით კი შევძელი უფრო დეტალურად გავცნობოდი მას“ -ამბობს სოფიო ხუროშვილი  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის თემის მცხოვრები.