ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საკუთრ თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.

ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საკუთრ თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება. პირველი ეტაპი გამოკითხვის ჩატარება იყო. გამოკითხვის შედეგად  დადგინდა, რომ  გამოკითხულთა მხოლოდ 50% მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზების მიზნით, მოსწავლეები ეწვივნენ სამების, ბეშთაშენისა და ხარების საჯარო სკოლებს და  მოსწავლეებს  გააცნეს  ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ. ყურადღება გაამახვილეს განსაკუთრებით თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობაზე, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და დაარიგეს მათ მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.

პროექტის ფარგლებში, ქალაქ წალკაში, ვაჟებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ფეხბურთსა და კალათბურთში, ხოლო გოგონათა შორის ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთში. პარალელურად მოეწყო გარბენი მცირე მანძილზე. სპორტულ ღონისძიებებში სულ მონაწილეობა მიიღო 100 მოსწავლემ. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს თასები და მედლები.

მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს წალკის მუნიციპალიტეტის მერიას ინიციატივით, აღდგეს ტრადიცია და ქალაქ წალკაში დაწესდეს სპორტის დღე. წალკის სპორტსკოლის დირექტორმა ზვიად შენგელიამ აღნიშნა, რომ სპორტსკოლა გაითვალისწინებს ახალგაზრდების თხოვნას. ბატონი ზვიადი მოსწავლეებს ასევე ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტის მნიშვნელობაზე.

ნინი სურმანიძე, წალკის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე: „რთულია გამოვყო რაიმე კონკრეტული, რაც ამ პროექტმა მასწავლა. პირველ რიგში ახალი მეგობრები შევიძინე, დავძლიე აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში. პროგრამა "მომავლის თაობა" განვითარების საშუალებას აძლევს პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს, ასევე იმ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან ჩართულები და მსგავსი პროექტების საშუალებით ხდებიან ამ ყველაფრის მონაწილე“.