სოფელ ბაიდარის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოსახლეობის ინფორმირება არაჯანსაღი საკვების მავნებლობის შესახებ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში გადაწყვიტეს სოფლის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენმოდიფიცირებული და არაჯანსაღი საკვების მავნებლობის შესახებ.
მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარი, ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ სკოლაში არაჯანსაღი პროდუქტების მოხმარება უფრო ხშირია, ვიდრე სახლში. მოსწავლეებმა რიგი ღონისძიებები დაგეგმეს „ჩვენ უარს ვამბობთ არაჯანსაღ პროდუქტზე“ კამპანიის ფარგლებში. 
მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო კედლის გაზეთი, გაიმართა შეხვედრა მომხმარებლის უფლებების დაცვის და სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით. პარალელურად მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი არაჯანსაღი და გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ, რომელიც სოფელში გავრცელდა. 
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი მოსწავლეებმა აუდიტორიას ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე გააცნეს პროექტის ფარგლებში მოძიებული ინფორმაცია ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე.