განმუხურის მოსწავლეების პროექტი - „წიგნი მკითხველისთვის“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ფენიქსი“ წევრმა მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „წიგნი მკითხველისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის ბიბლიოთეკის გარემონტებას, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას, წიგნადი ფონდით შევსებას, სამკითხველოს  მოწყობას, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებდნენ არა მარტო საჭირო ლიტერატურის  წაკითხვას, არამედ შეხვედრებისა და ღონისძიებების მოწყობას. 

მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა თანატოლებში თუ რა სახის წიგნების წაკითხვას ისურვებდნენ მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში. მოაწყვეს ერთი წიგნის აქცია თემში, მაკულატურის შეგროვება და  ახალ წიგნებზე გადაცვლა, საინფორმაციო პლაკატების მომზადება. მოსწავლეებმა სკოლაში ჩამოაყალიბეს მკითხველთა კლუბი და დაარსეს წიგნის კითხვის დღე.

პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ზუგდიდის  ცენტრალური ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან. ბიბლიოთეკის თანამშრომელმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკის მუშაობის თავისებურებანი - წიგნების დახარისხება, განახლება, კატალოგების მომზადება, ბიბლიოთეკის ოთახში მათი განლაგება.  მოსწავლეები  მომავალი სასწავლო წლიდან მოხალისეებად იმუშავებენ  სკოლის ბიბლიოთეკაში.  მათ ასევე დაგეგმილი აქვთ წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით პერიოდულად მოუწყონ საბავშვო ბაღისა და სკოლის უმცროსკლასელებს წიგნის კითხვის დღე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად სკოლას დღეისათვის აქვს მაღალ დონეზე აღჭურვილი და საინტერესო წიგნებით შევსებული ბიბლიოთეკა.