ადვოკატირების კამპანია სოფელში აფთიაქის გახსნის მიზნით

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,მზის სხივი“ წევრმა მოსწავლეებმა აწარმოეს  ადვოკატირების კამპანია სოფელში აფთიაქის გახსნის მიზნით. 

მოსწავლეთა მიერ ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობამ მთავარ პრობლემად სოფელში აფთიაქის არ ქონა დაასახელა. 

სოფელი რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 12  კილომეტრით, სოფელში აფთიაქის არ არსებობა მედიკამენტებისადმი სწრაფი წვდომის სიძნელეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. 

მოსწავლეებმა დახმარებისთვის განცხადებით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და გააცნეს  მათ მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემები - რამდენი მოხუცი ცხოვრობს სოფელში და რამდენი ადამიანი რჩება ძალიან ხშირად მედიკამენტების გარეშე აფთიაქის არ არსებობის გამო. განცხადებას თან ახლდა მოსახლეობაში შეგროვილი ხელმოწერები. 

კლუბის წევრები ელოდებიან განცხადებაზე დადებით პასუხს, რადგან სოფელში აფთიაქის არსებობის შემთხვევაში მოსახლეობას დაეზოგება დრო და ფული, აღარ მოუწევთ დიდი მანძილის გავლა და რაც ყველაზე მთავარია დროულად მიიღებენ საჭირო მედიკამენტებს.