ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყალთოში

იყალთოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,მომავლის საყრდენი“  წევრმა მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს მე-7 დან მე-9 კლასის მოსწავლეები და რამდენად ხშირად არიან დაკავებულნი სპორტით. კვლევის შედეგების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობა თითქმის არ ვარჯიშობს და  დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერულ თამაშებს უთმობს. 

არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს წამოეწყოთ საინფორმაციო კამპანია მათ თანატოლებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები და გაავრცელეს  თემში. აგრეთვე სკოლაში ჩაატარდა სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

შემდეგ ახალგაზრდებმა მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, გააცნეს პროექტის მიზანი და ამოცანები, აგრეთვე სთხოვეს  სოფელში ველომარათონის ჩატარების ნებართვა. სოფლის თვითმმართველობამ,   დადებითად შეაფასა მათი ინიციატივა და ველომარათონის დროს ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეწყდა.

მოსწავლეების ინიციატივით გამართულ ველომარათონში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და თემის ახალგაზრდებმა.