მოსწავლეების შეხვედრა პარლამენტის წევრებთან

2018 წლის 4 აპრილს, პროგრამის ''მომავლის თაობა’‘ იმერეთის რეგიონის 30 პარტნიორი სკოლის კლუბის ლიდერები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებს  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და მისი პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი შეხვდნენ.


შეხვედრაზე ზოგად და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. პარლამენტის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს რაიონებში ახალი სკოლების მშენებლობაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე, პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნასა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით თანამედროვე სწავლების მეთოდების მნიშვნელობაზე.


„თანამედროვე სწავლების მეთოდები ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის. სკოლის სახელმძღვანელოების გარდა აუცილებლად უნდა გაჩნდეს სხვადასხვა საგნობრივი თამაშები, ვებსაიტის აპლიკაციები, რათა სწავლის პროცესი გახდეს მაქსიმალურად საინტერესო“, -  მარიამ ჯაში. 


შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც ზოგად, ასევე უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროექტებში იმ რაიონებში, სადაც ცხოვრობენ და სწავლობენ, რაც მათი მოსაზრებით, შეაჩერებს უმაღლესი განათლების მიღების მიზნით რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების გადინებას საქართველოს დიდი ქალაქებისკენ.


კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სრული მხარდაჭერა განუცხადეს მოსწავლეებს სამომავლო პროექტების განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. 


შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას გაეცნენ.


,, რთულია შეაფასო მთლიანი დღე რამდენიმე სიტყვით. პირველ რიგში ეს დღე დატვირთული იყო ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაციით. გასახარებელია ის ფაქტი, რომ გავიცანი ბევრი მონდომებული და საინტერესო იდეების  ახალგაზრდა ლიდერები. ვთვლი, რომ ერთად ბევრ საინტერესო ღონისძიებას დავგეგმავთ და განვახორციელებთ. ზოგადად კი მგონია "მომავლის თაობა" ერთი დიდი ოჯახია და მეც მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი, ვფიქრობ წინ ბევრი კარგი დღეები გველოდება !“ - მარიამ ბრეგაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.