თბილისის ”მწვანე სკოლამ” ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ

2012 წლის 24 მარტს, კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, თბილისის ”მწვანე სკოლის” სამოქალაქო კლუბსა და  კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეკოლოგიის განვითარების, ტურიზმისა და მოხალისეობის ხელშეწყობის საკითხებზე“. 
 
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღვოდა თბილისის „მწვანე სკოლის“ სამოქალაქო  კლუბის "ახალგაზრდა სანგვინიკების” ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა XVIII   საუკუნის  ქართული საერო ხუროთმოძღვრების ძეგლის, ლამისყანის  ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის  ტერიტორიის დასუფთავებას, სასახლის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებას, ტურიზმის ხელშეწყობას და ადგილობრივ ახალგაზრდებში მოხალისეობის უნარ-ჩვევების განვითარებას. ინიციატივას საფუძვლად დაედო ახალგაზრდა მოხალისეების მიერ წინასწარ ჩატარებული კვლევა მუზეუმის პრობლემების ირგვლივ. სასახლის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით სამოქალაქო კლუბების წევრებმა ფეისბუქის გვერდისა და ბლოგების   საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია და აქტივობაში თბილისის 12 სამოქალაქო კლუბი ჩაერთო.
 
ღონისძიების  დასაწყისში 61-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა  დამსწრე საზოგადოებას  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“ გააცნო და მიმდინარე ინიციატივის შესახებ ისაუბრა.
 
ღონისძიების მონაწილეებმა დაასუფთავეს მუზეუმის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. თბილისის “მწვანე სკოლის” ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით  ლამისყანის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ხატვის აქტოვობაში თემაზე ”ჯამბაკურ -ორბელიანთა სასახლე”. კლუბის წევრებმა ბავშვების ნახატები  წამოიღეს თავის სკოლებში გამოსაფენად, რათა კიდევ ერთი საშუალებით მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება აღნიშნული ისტორიული ობიექტისადმი. 
 
ღონისძიების დასასრულს კლუბების წევრები და ლამისყანის სკოლის მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ თანამშრომლობას სხვადასხვა სამოქალაქო მოხალისეობრივ აქტივობაში,  მონაწილეობას მიიღებენ მუზეუმის მიერ მოწყობილ  
კონფერენციებსა და შეხვედრებში, ხელს შეუწყობენ ფართო საზოგადოების ინფორმირებას ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და ტურისტული  ობიექტების მდგომარეობის შესახებ,   მათი პოპულარიზაციისა და ტურისტული ზონის განვითარების მიზნით.

თბილისის მოზარდთა სახლი