მცხეთა-მთიანეთში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2012 წლის 27 მარტს მცხეთის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა,რომელსაც  ახორციელებს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამის მიმოხილვა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა გააკეთა.

პროგრამა რეგიონში ა.წ. იანვრიდან ამოქმედდა და მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაციის _ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძ.დ.ე.ქ.) მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის წარმომადგენლებმა და პროექტის ხელმძღვანელმა თამარ მაისურაძემ.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობისა და გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია  ბარისახოს, მუხრანის #1, ძეგვის, ჭოპორტისა და დუშეთის  #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა წარმოადგინეს.
პროგრამის პრეზენტაციის საპატიო სტუმრებმა, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის  მოადგილემ  გივი მაისურაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ატაშვილმა და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებსა და საინიციატივო ჯგუფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.


გამორჩეულად ემოციური იყო დუშეთის რესურსცენტრის დირექტორის თინა ბანცურის გამოსვლა.
_  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ამოქმედებამ გამოაცოცხლა ჩვენი რაიონის სკოლების ცხოვრება. დუშეთიდან 11 სკოლაა პროგრამაში ჩართული და გვინდა, ყველა _ 38-ვე სკოლა იყოს პროგრამის პარტნიორი. რაიონიდან  მცირე გრანტით 5 პროექტი დაფინანსდა. ბავშვებს გაუჩნდათ მოტივაცია. შეიძლება ითქვას, ისინი ამოძრავდნენ. ჩემთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა მოსწავლემ, რომელიც გაკვეთილებზე აქტივობით არ გამოირჩევა, დღეს შესანიშნავად წარმოადგინა სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობა და ჩამოაყალიბა პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. ის უცხო და ფართო აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად წარსდგა.  ამ პროგრამის მიზანიც ეს გახლავთ და ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის? შესანისნავი პროგრამაა!...”


პრეზენტაციას ესწრებოდნენ PH International,-ის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAD) წარმომადგენლები, პროგრამის პარტნიორი 27 საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის  მოადგილეები დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, მცხეთისა და დუშეთის საკრებულოსა და გამგეობის, ადგილობრივი რესურსცენტრების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს, მცხეთის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  მედიის წარმომადგენლები.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძ.დ.ე.ქ.) მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი