ყარაჯალის სამოქალაქო კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია

2012 წლის 6 მარტს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის სამოქალაქო კლუბის წევრებმა,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გაცნობის მიზნით, სკოლაში მოიწვიეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფ. კაბალის #1, განჯალის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფ. იორმუღანლოს, დუზაგრამის და ლამბალოს  საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურ აზერბაჯანელებს მიეკუთვნება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია.
სოფელ ყარაჯალის სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი სამოქალაქო საქმიანობაში. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში მათ განახორციელეს არაერთი ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და გარემოს დაცვის პროპაგანდის მიზნით. მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით დაასუფთავეს სოფლის შესასვლელთან მდებარე ტერიტორია  და მონაწილეობა მიიღეს სკოლის ეზოს გამწვანებაში. ასევე, კლუბის წევრებმა მოამზადეს ბროშურები ძალადობისა და ტრეფიკინგის შესახებ და დაარიგეს ადგილობრივ თემში მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. ხოლო, კლუბის მიერ განხორციელებული მცირე საგრანტო პროექტი ,,თვითმმართველობა და ბავშვები“ ემსახურებოდა თვითმმართველობის მნიშვნელობის გაცნობას თემის წევრებისათვის. 
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ზემოთ ჩამოთვლილი  საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილება  თანატოლებს გაუზიარეს და საკლუბო საქმიანობის და  პროგრამის აღწერილობის ორ ენოვანი (აზერბაიჯანულ-ქართული) პრეზენტაცია მოაწყვეს.
შეხვედრის ბოლოს მოწვეულმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მადლობა მოუხადეს ყარაჯალის სამოქალაქო კლუბის წევრებს  საინტერესო და საინფორმაციო შეხვედრის მოწყობისთვის და მზაობა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ თემისთვის სასარგებლო საქმიანობაში. 
თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი