კონდოლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, განახორციელეს პროექტი ,,ეზოში ეზო“ და სკოლის ტერიტორიაზე მოაწყვეს რეკრეაციული ზონა, რომლითაც სარგებლობენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე თემის წევრებიც. ინიციატივა ერთერთი სამოქალაქო აქტივობის – სკოლის ეზოს დასუფთავების აქციის დროს დაიგეგმა.

დასუფთავების აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. თელავის თვითმმართველი თემის საკრებულოს წარმომადგენელმა ბ-ნმა ვანო გალახვარიძემ მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა და აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვისთვის და გამწვანებისთვის სკოლას მავთულბადე, პალმის, ბზის და ნაძვის ნერგები გადასცა.

„ჩვენი საქმიანობა გადამდები აღმოჩნდა ადგილობრივი თემის სხვა წარმომადგენლებისთვის. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ლაშა შაყლაძემ მავთულბადის ღობის გასამაგრებლად, ტყიდან ხის სარები მოგვიტანა და თავადაც მოგვეხმარა.

,,ჩვენი ეზო“ ყვავილების ნერგებით გაამდიდრეს სკოლის უმცროსკლასელმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. ხოლო სკოლის დირექტორმა, სამომავლოდ, ერთობლივად სპორტული მოედნის აღდგენა შემოგვთავაზა“, -სთქვა ნატა ოსაძემ, კონდოლის საჯარო სკოლის მოსწავლემ. მოსწავლეები უფროსებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ გამწვანების და ეზოს მოწესრიგების პროცესში.