2016 წლის 14 თებერვალს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კოორდინატორების და ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მაკა ბიბილეიშვილმა შეაჯამა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მიღწევები და სირთულეები.
ფორუმის კოორდინატორებს მიეწოდათ ინფორმაცია გაფართოებული პარტნიორული ქსელის და მათთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონებში ფორუმის მიერ განხორციელებული აქტივობები და დაისახა სამომავლო სამუშაო გეგმა.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ირინა ხანთაძემ მიმოიხილა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ გამოფენა – კონფერენციასთან დაკავშირებული საკითხები და ფორუმის რეგიონული სტრუქტურების განვითარების შესაძლებლობები. რეგიონული ბიბლიოთეკებისთვის ფორუმის კოორდინატორებს გადაეცათ 20 დასახელების დამხმარე ლიტერატურა.
ფორუმი ცდილობს პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს დამხმარე რესურსით სარგებლობა და სხვადასხვა თემატურ შეხვედრებსა თუ ტრენინგებზე ფორუმის წევრთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. შეხვედრა ჩატარდა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.