2015წლის 12 ნოემბერს, სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“  ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მთავარ დარბაზში  გაიმართა საჩვენებელი დებატები კარლ პოპერის ფორმატით. დებატებში მონაწილეობა მიიღო   მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს აზერბაიჯანული სექტორის  სკოლის მოსწავლეებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  თელეთის ქართული სექტორის სკოლების მოსწავლეებისაგან შემდგარმა ორმა გუნდმა.

დებატები გაიმართა  თემაზე  –  „მასმედიის ცენზურა გამართლებულია“. საჩვენებელ დებატების, ქეშალოსა და თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა, ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: თაქალოს, არაფლოს, დამიაგეორარხისა და ქვემო სარალის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე  მოწვეული სტუმარი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარი ტყეშელაშვილი.

საჩვენებელი დებატები ჩატარდა ქართულ ენაზე, რაც აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან მათ მოუწიათ არამშობლიურ ენაზე კამათი და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება ფართო აუდიტორიის წინაშე. მათ კარგად გაართვეს ამას თავი.

გარდა ამისა, ამ საჩვენებელი დებატების შედეგად მოხდა დებატების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო გააქტიურება, მათი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და ინტეგრაცია. საჩვენებელ დებატებამდე, 22 და 27 ოქტომბერს  მოსამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდა ქეშალოსა და თელეთის საჯარო სკოლების 25 მოსწავლეს. სიქა-ს წარმომადგენლებმა, გამოცდილმა  ტრენერ-მსაჯებმა მოსწავლეებს გააცნეს ზოგადად ფორმალური დებატების არსი და პრინციპები. მოსწავლეებმა კონკრეტულად შეისწავლეს კარლ პოპერის ფორმატის დებატები. 30 ოქტომბერს ქეშალოს საჯარო სკოლაში და 2 ნოემბერს თელეთის საჯარო სკოლაში მოეწყო დებატების მინი ტურნირი, რომელშიც ამავე სკოლების 2 -2 გუნდი იღებდა მონაწილეობას. შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებმაც შემდეგ საჩვენებელ დებატში მიიღეს მონაწილეობა. საჩვენებელი დებატების დასრულების შემდეგ სერთიფიკატები გადაეცათ  ტრენინგის მონაწილე ყველა მოსწავლეს. ასევე სერთიფიკატები და მცირე საჩუქრები გადაეცათ დებატში მონაწილე 6 მოსწავლეს. თითოეული გუნდიდან გამოვლინდა ერთი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც   დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით და სიგელებით. ღონისძიება გაშუქდა მარნეულის ტელევიზიის მიერ საინფორმაციო გამოშვებაში.