სკოლისა და კომპანიის თანამშრომლობა შიდა ქართლის მასშტაბით გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაიწყო. მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი “ცისკარა”, რომელიც სკოლის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად. იმ დრომდე, სკოლა მარაგდებოდა კუსტარულად დამონტაჟებული ჭაბურღილიდან მომდინარე წყლით, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. გარდა ამისა, ვერ ხდებოდა სკოლის ეზოში არსებული ნარგავების, მათ შორის, ჯუჯა კაკლის ხეივანის მორწყვა.”
პროექტი ბავშვებმა სკოლა-ბიზნესის ფორუმზე გაიტანეს, სადაც კომპანია კულას დირექტორმა, ბატონმა ივანე გოგლიძემ გამოთქვა დახმარების სურვილი და შეასრულა კიდეც. მერე ეტაპობრივად განვახორციელეთ დაგეგმილი სამუშაოები და სუფთა ანკარა წყალიც მოჩუჩუხებს ეზოში (ჩვენი კაკლის ხეივანიც უკვე მოირწყა). დარჩენილია მხოლოდ სატუმბ სადგურამდე მისაყვანი მილის დამონტაჟება. უღრმესი მადლობა გულისხმიერებისათვის ბატონ ივანეს და ყველა ორგანიზაციას, რომელთა ჩარევის გარეშე პროექტი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.” – ამბობს ფიქრია მუმლაძე, სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.