ნაადრევი ქორწინების პრევენცია

ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით, სკოლაში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს და თანატოლებს იმ მავნე შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც ნაადრევი ქორწინება იწვევს. თემა პრიორიტეტული იყო, რადგან ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ხშირია  აზერბაიჯანულ თემში.  

  

პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა ჩაიწერეს იმ ქალბატონების  ინტერვიუები, რომლებიც ადრეულ ასაკში გათხოვდნენ, შემდეგ ორენოვანი ვიდეო რგოლი მოამზადეს და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. მოსწავლეებმა სკოლაში ფსიქოლოგი და უფლებათა დამცველი მოიწვიეს, რომლებმაც იმ რისკებზე ისაუბრეს, რაც თან სდევს ადრეულ ქორწინებას. სკოლაში ნაჩვენები იყო თემატური ფილმი და მოეწყო განხილვა, მომზადდა თემატური საინფორმაციო ფურცლები და გავრცელდა თემში.