სპორტული დარბაზის აღდგენა ტაბაწყურის საჯარო სკოლაში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ჯანსაღი  სხეულით  წინ, მომავლისკენ“.  


პროექტის მიზანი იყო სკოლის სპორტული დარბაზის აღდგენა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამ მიზნით სკოლაში ჩატარდა სემინარები და სპორტული ღონისძიებები - მხიარული სტარტები. მოეწყო შეხვედრა სპორტსმენ გიორგი მურადიანთან, რომელმაც მოსწავლეებს თავისი სპორტული კარიერის შესახებ ესაუბრა და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდა. სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის,  გრანტით განსაზღვრული თანხის გარდა, სკოლის ადმინისტრაციამ  შეიძინა სარემონტო მასალები და უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება.  სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდნენ თემის წევრები, უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები. 


6 ივნისს შედგა  სპორტული დარბაზის გახსნა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე მოაწყვეს შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში და სხვა სპორტულ სახეობებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის წარმომადგენლები,  სკოლის მოსწავლეები  და პედაგოგები.  


„ჯანსაღი ცხოვრება არის მნიშვნელოვანი ჩვენი განვითარებისათვის, მე ძალიან მიყვარს ცურვა, ვიცი, რომ ცურვის დროს სხეულის ყველა ნაწილი ვარჯიშობს, ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. ჯანსაღი ცხოვრებით წინ მომავლისაკენ - ეს არის ჩვენი მიზანი“ - აღნიშნა მე-9 კლასის მოსწავლემ მარინა მურადიანმა.