სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებას საქართველოს სკოლებში არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. შესაბამისად, მისი ადგილი და მნიშვნელობა სხვა ე.წ. ტრადიციულ სასკოლო საგნებს შორის, შესაძლოა, კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, როგორც თავად მოსწავლეებს, ისე მათ პედაგოგებსა და მშობლებს. ამავე დროს აღნიშნული დისციპლინის შემოღება სკოლებში ერთ-ერთი საშუალებაა მოსწავლეთა სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც ეცოდინებათ თავისი უფლება-მოვალეობები, სამოქალაქო პასუხისმგებლობანი და შეეძლებათ მათი რეალიზება.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ისეთი ემპირიული მასალის მოპოვების საჭიროება, რომელიც სწორ წარმოდგენას შეგვიქმნის საქართველოს სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, ასევე,მოსწავლეთა მშობლების დამოკიდებულებების, განწყობებისა და პრაქტიკული მიდგომების შესახებ სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ.

 

ჩამოტვირთეთ და გაეცანით დოკუმენტს, რომელიც ეყრდნობა სწორედ ამგვარი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩატარებული ორი (თვისობრივი და რაოდენობრივი) კვლევის ანგარიშს. კვლევა განხორციელდა 2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,633-მა რესპონდენტმა საქართველოს 10 რეგიონიდან. რესპონდენტებს შორის იყვნენ მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

აღნიშნული კვლევის ანგარიში მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას სამოქალაქო განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, აქცენტს აკეთებს არსებულ საჭიროებებზე, მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საქმიანობის ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. ამასთანავე, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი და ღირებული დოკუმენტია საქართველოში სამოქალაქო განათლების სფეროს ანალიზისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის.

 

  ჩამოტვირთული დოკუმენტის სანახავად დაგჭირდებათ პროგრამა "Adobe Reader"