სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებას საქართველოს სკოლებში არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. შესაბამისად, მისი ადგილი და მნიშვნელობა სხვა ე.წ. ტრადიციულ სასკოლო საგნებს შორის, შესაძლოა, კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, როგორც თავად მოსწავლეებს, ისე მათ პედაგოგებსა და მშობლებს. ამავე დროს აღნიშნული დისციპლინის შემოღება სკოლებში ერთ-ერთი საშუალებაა მოსწავლეთა სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც ეცოდინებათ თავისი უფლება-მოვალეობები, სამოქალაქო პასუხისმგებლობანი და შეეძლებათ მათი რეალიზება. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ისეთი ემპირიული მასალის მოპოვების საჭიროება, რომელიც სწორ წარმოდგენას შეგვიქმნის საქართველოს სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, ასევე,მოსწავლეთა მშობლების დამოკიდებულებების, განწყობებისა და პრაქტიკული მიდგომების შესახებ სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ.